2-4 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია 200-მდე მონაწილითა და დღის წესრიგის 18 ძირითადი მოხსენებით საქართველოს წინაშე მდგარი საერთაშორისო სამართლის თანამედროვე გამოწვევებს მიეძღვნა. საერთაშორისო ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) თანამშრომლობით გაიმართა. კონფერენცია ამ ორი აკადემიური დაწესებულების თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი ღონისძებაა.
ღონისძიება გრონინგენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარსელ ბრუსის მიერ დაიგეგმა. კონფერენციის სტუმრებს თსუ რექტორის მოადგილემიხეილ ჩხენკელი მიესალმა. ღონისძიებას თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსილევან ალექსიძე და პროფესორი ქეთევან ხუციშვილი ხელმძღვანელობდნენ .
გრონინგენის უნივერსიტეტის დელეგაციამ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ ირაკლი ბურდულთან თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად შეხვედრა გამართა .
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორებმა, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორებთან, სადოქტორო პროგრამის მკვლევარებსა და ასევე, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებთან ერთად, წარადგინეს მოხსენებები საერთაშორისო სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საერთაშორისო სამართლის ფრაგმენტაცია და მისი გავლენა პატარა სახელმწიფოებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს როლი საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტების დროს, პატარა სახელმწიფოების როლი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და კიბერსივრცე, ეფექტური და ექსტრატერიტორიული კონტროლი როგორც საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობა და სხვა.
სხვადასხვა პანელის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამართლის სტუდენტების უმრავლესობამ. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა საკუთარი მოკლე აკადემიური პრეზენტაციებიც წარმოადგინეს განსახილველ თემატიკასთან დაკავშირებით.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და გრონინგენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლობით დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო ღონისძიებები საქართველოსა და ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტის კავკასიაში სტუდენტი-ელჩის მონაწილეობით.