ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ფილიპ ჯესაპის სახელობის 59-ე საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე საქართველოს წარმოადგენდა. 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის დასასრულს, აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ, ორი საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შეირჩა და მომზადდა საერთაშორისო სამართლის ცნობილი მეცნიერის ჯესაპის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესების კონკურსში მონაწილე გუნდი. გუნდის წევრები იყვნენ საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები – გიორგი ბაიძე, ნანუკა ყრუაშვილი და თამთა შამათავა, კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი – ნინო გოშხეთელიანი და მწვრთნელი, დოქტორანტურის სტუდენტი – თამთა ზაალიშვილი.
2018 წლის 3-4 თებერვალს, გუნდმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ რაუნდებში სადაც დაუპირისპირდა თავისუფალ უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (ჯიპა). თსუ-ს გუნდმა ყველა ჩატარებული თამაში დიდი უპირატესობით 18:0 დაასრულა.
ეროვნულ რაუნდებში წარმატებული ასპარეზობის შედეგად თსუ-ს გუნდს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო რაუნდებში. 2018 წლის 1-8 აპრილს, ვაშინგტონში (აშშ) გამართულ საერთაშორისო საკვალიფიკაციო რაუნდებზე გუნდი დაუპირისპირდა შემდეგ უნივერსიტეტებს:
1.კვიპროსის უნივერსიტეტი;
2.ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდების სამეფო);
3.საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ინსტიტუტი (ეგვიპტე);
4.ბელორუსის სამართლის სახელმწიფო უნივერსტიტეტი.
ოთხივე რაუნდში გამარჯვების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნვივერსიტეტმა 32 საუკეთესო გუნდში გადაინაცვლა.
6 აპრილს თსუ-ის გუნდმა ფილიპინების უნივერსიტეტიც დაამარცხა და უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს გუნდმა 16 საუკეთესო გუნდში დაიმკვიდრა ადგილი, ხოლო შედეგად, მერვედფინალის ეტაპზე იასპარეზა.
ამგვარად, თსუ-ს გუნდი 95 ქვეყნის 121 გუნდიდან საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა (ზეპირ გამოსვლებსა და წერილობითი კომპონენტში მიღებული ჯამური შეფასების საფუძველზე); ხოლო გუნდის წერილობითი პოზიციის დოკუმენტები (მემორიალები) განმცხადებლისა და მოპასუხის მემორილების ჯამური ქულით საუკეთესო 20 მემორიალს შორის მოხვდა, კერძოდ გავიდა მე-17 ადგილზე და შედეგად გუნდმა Alona E. Evans-ის ჯილდო მიიღო.
ეს გამარჯვება მიეძღვნა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.