ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა 2018 წლის 16-18 ივლისს საზაფხულო სკოლას უმასპინძლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ოცდაათამდე სტუდენტი, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.
საზაფხულო სკოლის ფორმატი მოიცავდა იმიტირებული პროცესების რაუნდებს, თემატურ ტრენინგ კურსებსა და სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ჩატარდა სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღეს და მიეძღვნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმოსაწერად გახსნის 20 წლისთავს.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორმა ირინა ქურდაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე სირაძემ.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვნენ გაერთიანებული ერების საერთაშორისო სასამართლოსა (ICJ) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სიმულაციურ პროცესებში. განსახილველი თემები მოიცავდა საერთაშორისო სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა, ზიანის ანაზღაურება, მკვიდრი მოსახლეობის უფლებები, გენოციდის დანაშაული, გარემოს დაცვის ვალდებულება და სხვა. იმიტირებული პროცესების სკოლის სამუშაო ენები იყო ქართული და ინგლისური.
აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის გამოცდილება და მიღწევები სხვადასხვა საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე. პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა კი სტუდენტებს გაუზიარა თავისი, როგორც არაერთი საერთაშორისო იმიტირებული პროცესის მოსამართლის, გამოცდილება, ასევე მიაწოდა ინფორმაცია რომის კონფერენციის სამუშაო გარემოს და შედეგების შესახებ. პროფესორი ირინა ქურდაძე ლექციაში შეეხო უმცირესობათა უფლების დაცვის საერთაშორისო და რეგიონული რეჟიმს, ასევე თანამედროვე გამოწვევებს ეროვნულ დონეზე. ასოც. პროფესორმა – ეკატერინე სირაძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ჩაუტარა ტრენინგი გაერთიანებული ერების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის და მისი საქმიანობის მანძილზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე მიაწოდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის უახლესი მაგალითები გარემოსათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში.
საზაფხულო სკოლის წარმატებული მონაწილეები შემდგომში გადანაწილდებიან გუნდებში, რომლებიც წარმოადგენენ თსუ-ს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი რეგულარულად აწყობს თემატურ სკოლებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და აღნიშნული პრაქტიკის გაგრძელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.