საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დებულება
- საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).
- ცენტრის ფუნქციაა კონკრეტული ქვეყნის/რეგიონის ან კონკრეტული სამეცნიერო პრობლემატიკის შესწავლის მიზნით სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების/პროგრამების განხორციელება საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე.
- ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
- ცენტრის მუშაობას კოორდინირებას უწევს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
- ცენტრის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ან მოწვეული სპეციალისტი.
- ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში/პროგრამებში შეიძლება მონაწილეობდეს: საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი, დოქტორანტი, მაგისტრანტი და სტუდენტი, ასევე, კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი.
- ცენტრის ხელმძღვანელი კოორდინირებას უწევს ცენტრის საორგანიზაციო და სამეცნიერო საქმიანობას, ცენტრის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროექტებს/პროგრამებს, ხელს უწყობს სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და შესაბამისი ქვეყნის/რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და სასამართლოებთან, პასუხისმგებელია ცენტრის წლიური ანგარიშის მომზადებასა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისათვის წარდგენაზე.
- ცენტრის ხელმძღვანელი შეიმუშავებს და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ყოველწლიურ სამუშაო გეგმას.
- ცენტრის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საბჭოსთან.
- ცენტრის მიზანია ახალ საფეხურზე აიყვანოს საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ინსტიტუციური, თეორიული და პრაქტიკული პრობლემების შესწავლა თსუ-ის აკადემიური სწავლების სამივე დონეზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და შესაბამისი კვლევითი მუშაობის ორგანიზება.
- სწავლებისა და კვლევითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს:
ა) საერთაშორისო სისხლის სამართლის კონცეფციები და ინსტიტუციები
ბ) საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალური პრობლემები (გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ურთიერთდამოკიდებულების თეორიული და არსებული პრაქტიკული ასპექტები)
გ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
დ) საერთაშორისო ხასიათის დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები (საერთაშორისო ტერორიზმი, ტრეფიკინგი, წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და სხვ.)
ე) ლტოლვილების და მიგრაციის მართვის საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების ასპექტები
ვ) სისტემური ტრენინგები პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, შსს-ისა და სხვა დაწესებულების პერსონალისათვის
ზ) სასწავლო ვიზიტების ორგანიზება შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში
თ) საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში არსებული სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება
ი) დამნაშავეთა გადაცემის თეორიული და პრაქტიკული პრობლემები სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისას.